რას ნიშნავს იყო ემოციურად ინტელექტუალური მშობელი?

18 .06 .2018

რას ნიშნავს იყო ემოციურად ინტელექტუალური მშობელი?

რას ნიშნავს იყო ემოციურად ინტელექტუალური მშობელი?

იყო მშობელი - ეს ენით აღუწერელი ბედნიერებაა. იყო კარგი მშობელი კი ადვილი პროცესი ნამდვილად არ არის. ცხადია, თითოეული მშობლის უპირველესი მიზანია, შვილის ბედნიერება და კეთილდღეობა უზრუნველყოს.

ეს პროცესი კი უფრო და უფრო სტრესული და პრობლემატური ხდება, რადგან 21-ე საუკუნეში, მშობლის როლი და პასუხისმგებლობები გარემოს ცვლის შესაბამისად იცვლება: ბავშვები უფროდაუფრო იმპულსიურნი და აგრესიულნი ხდებიან; ამასთან ერთად, როგორც ყველა ახალი თაობა, განსხვავებულად აზროვნებენ. ამ პრობლემის დაძლევასა და ბავშვის ენერგიისა და შესაძლებლობების სწორად მართვისათვის აუცილებელია მშობლები სწორად “აღჭურვილნი” იყვნენ - მზად იყვნენ იმ ყოველდღიური გამოწვევებისთვის, რომლების წინაშეც მათი შვილები დგანან.

ეს გამოწვევები, კონკრეტულად დღევანდელ გარემოში არსებული პრობლემები - დიდწილად უკავშირდება ემოციებს; აღჭურვა და მზადყოფნა კი ნიშნავს - უნარჩვევების გამომუშავებას, ცოდნის გაზრდას ამ ემოციების მართვასთან მიმართებაში: ეს გულისხმობს ჩვენი, როგორც მშობლების, საკუთარი ემოციების სწორად გამოხატვასა და მართვას ბავშვთან მიმართებაში, ისევე როგორც ბავშვების ემოციების სწორად გაგებასა და ამა თუ იმ პრობლემის სწორად გადაჭრას. ერთი სიტყვით, ჩვენი ემოციური ინტელექტის ამაღლება მშობლის როლში ყოფნისას ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვის ემოციური ინტელექტის ამაღლება, რომელიც მას ასწავლის პიროვნულ განვითარების, ბედნიერებისა და წარმატების გზაზე სიარულს.

გქონდეს მაღალი ემოციური ინტელექტი (EQ) - ინტელექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ნიშნავს იყო “ემოციურად ჭკვიანი”, გქონდეს უნარი გაავლო კავშირი აზრებსა და გრძნობებს შორის. ემოციურად ინტელექტულური მშობელი კი, უპირველესყოვლისა, ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს ბავშვის აღზრდის პროცესში: მან იცის, როდის რა ემოცია აჩვენოს და გამოხატოს ბავშვის წინ, და ისიც, თუ როგორ მიმართოს და დაეხმაროს ემოციური სირთულის წინაშე მყოფ ბავშვს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები, ჩვენთან შედარებით, უფრო ემოციურნი, გულრწფელნი, მოუთმენელნი, ფაქიზი და გამოუცდელნი არიან: მშობლებისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ბავშვის გაგება; ბავშვისთვის კი - საკუთარი თავის გაგება. ის შეიძლება ვერ ხვდება, რატომ დასაჯეთ , რატომ აუწიეთ ტონს, როდესაც მნიშვნელოვანი წიგნი “შეალამაზა”. შეიძლება ვერ ამჩნევდეთ, რომ ბავშვი სერიოზული ემოციური სირთულის წინაშე იმყოფება: თანატოლებთა დამცირების მსხვერპლი გახდა, ან საკუთარი თავის აღმოჩენასა და გაგებას ვერ ახერხებს, დაბნეულია. იმის დანახვაც ბევრს უჭირს, რომ ბავშვი სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავს როდესაც დაბრკოლებას აწყდება, როგორიცაა, მაგალითად, გაუცხოება და ჩაკეტილობა, აგრესიისა და დაუმორჩილებლობის გამოხატვა, როდესაც სინამდვილეში სითბო და ყურადღების დეფიციტია მთავარი პრობლემა მშობლებისგან. კარგი მშობლის როლის შეთავსება ნამდვილად ბევრი სირთულის დაძლევას გულისხმობს, დიდი ყურადღებისა და თანადგომის გაწევას მოითხოვს, სწავლასა და პროცესში გაუმჯობესებასაც ნიშნავს, მოთმინებასა და გაგებას გვასწავლის. მსგავსი ემოციური დაბრკოლება და მსაგვსი სიტუაციების დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში კი გვეხმარება - ემოციების ამოცნობა და მართვა - ემოციური ინტელექტის ამაღლება.
ავტორი: სალომე ჭეიშვილი