პიროვნული განვითარება - რატომ უნდა ვაქციოთ ეს პროცესი ცხოვრების წესად?

25 .06 .2018

პიროვნული განვითარება - რატომ უნდა ვაქციოთ ეს პროცესი ცხოვრების წესად?

მოუსმინეთ საკუთარ თავს და ჰკითხეთ: თქვენი აზრით, ბოლომდე იყენებთ თქვენს პიროვნულ, შრომით და ინტელექტუალურ პოტენციალს? საკმარისი დროის ინვესტირებას აკეთებთ მიზნების მიღწევისა და საკუთარი თავის პიროვნული ზრდისთვის? საქმე იმაშია, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი უკეთესი და რაც მთავარია, ჩვენთვის სასურველ პიროვნებებად ჩამოყალიბების,  რაც თავისთავად სასურველ ცხოვრებისეული მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება. სამწუხაროდ, სახლებში, სასწავლებლებსა თუ სამუშაო გარემოში არ ექცევა დიდი ყურადღება პიროვნული განვითარების თემას და ამის ნაცვლად ხშირად ხალხი წინ აყენებს და მაქსიმალურ ყურადღებას ანიჭებს აკადემიურ და პროფესიულ განათლებას. პრობლემა ხშირად კი სწორედ იმაშია, რომ საკუთარ თავებს არ ვუსმენთ, ჩვენს შესაძლებლობებსა და ნიჭს ვუგულებელყობთ და რესურსებს არ ვიყენებთ. წარმატების და ბედნიერების ძიებაში გვავიწყდება, რომ ამ ყველაფრის მთავარი საიდუმლო სწორედ საკუთარ თავში მოიპოვება.

 

თუკი იმაში უკვე დარწმუნდით, რომ პიროვნული განვითარების პროცესი არათუ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიცაა თქვენი მიზნებისა და თუნდაც ოცნებების განხორციელებისთვის. დროა “ინვესტიცია” ჩადოთ საკუთარ თავში. ამით კი იგულისხმება, რომ საკმარისი დროით, რესურსებით, მოტივაციით უნდა “დააფინანსოთ” თავი და რა თქმა უნდა  მთავარი კომპონენტი ამ გარიგებისა არის რწმენა - რომ აუცილებლად სასურველ შედეგს მიიღებთ. იმისთვის, რომ ხვალ უკეთესი შენ იყო, დღეს პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა  პიროვნული განვითარების გზაზე. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ - დღევანდელი ზრდა ნიშნავს ხვალინდელ წარმატებას.

 

ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებულნი, რომ სწორედ დღეს უნდა დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა? პირველი ნაბიჯისთვის, თუ ამ თემით დაინტერესდით, კითხულობთ სტატიას, ფიქრობთ ,რა რესურსი გაქვთ? რა არის თქვენი ძლიერი მხარეები? რისი ნიჭი გაქვთ? რა არ მოგწონთ, რის შეცვლას ისურვებდით ცხოვრებაში? რა ოცნება და მიზნები გაქვთ? ესეიგი უკვე განვითარების საშუალების გზას აძლევთ თავს. პიროვნული განვითარების პირველი ნაწილი სწორედ თქვენი ხედვის განსაზღვრაა და სამომავლო სურათის აგება: რა და სად გინდათ რომ იყოთ განსაზღვრულ დროში? დღეს უნდა დაიწყოთ ფიქრი, დაგეგმვა და პოზიტიურად აზროვნება, შემდგომ კი პირველი ნაბიჯები გადადგათ, იმოქმედოდ ამ გეგმის მიხედვით და რაც მთავარია, მუდმივად გახსოვდეთ როგორია თქვენი საბოლოო მიზნები.
თუ ამ თემით დაინტერესდით, იხილეთ გროუინის ყოველკვირეული სტატია შემდეგ ორშაბათს, პიროვნული განვითარების 5 კომპონენტზე, რომელიც უფრო დაწვრილებით გიამბობთ, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო თქვენი პიროვნული განვითარებისთვის.
 
ავტორი: სალომე ჭეიშვილი