01 .10 .2018

ნდობა და ემოციური ინტელექტი

ავტორი: თამარ ჩიჩუა

2018 წლის სპოტლაითზე, დიდი მოწონება დაიმსახურა გამოსვლამ, რომელიც ეხებოდა ნდობის თემას. გამოსვლას “ნდობის ძალა” ქვია, სპიკერის მთავარი მესიჯი კი ის იყო, რომ ურთიერთ-ნდობა აუცილებელი პირობაა ადამიანების რეალიზებისა და წარმატებისთვის.

ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ მეტიც, ნდობა არის საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაც. რამდენადაც ნდობის მნიშნელოვნება ცალსახაა, ოდნავ მეტი გავიგოთ ამ ფენომენის შესახებ - რა იწვევს ნდობას, ან მის ნაკლებობას და როგორ შეიძლება მისი გენერირება.

დავიწყოთ იქიდან, რომ ნდობა არის ემოცია - ამერიკელი მეცნიერის, რობერტ პლუჩიკის მოდელში, ნდობა არის 8 საბაზისო ემოციიდან ერთერთი [ბრაზი, შიში, ნდობა, სიხარული, მოლოდინი, სევდა, გაკვირვება, ზიზღი]. ემოციების ადაპტაციური თეორიის თანახმად, ნებისმიერი ემოციის ფუნქცია არის უბიძგოს ადამიანს ისეთი  ქმედებისკენ, რომელიც მის გადარჩენას ემსახურება. ეს ხდება სრულიად გაუცნობიერებლად. მაგალითად, შიში ააქტიურებს ჩვენს თავდაცვით ქცევებს, ბრაზი გვიბიძგებს ბარიერის გადალახვისკენ, ზიზღი გვარიდებს საზიანო ობიექტს და ა.შ.


ნდობასაც, როგორც საბაზისო ემოციას, ასევე აქვს თავისი ადაპტაციური დანიშნულება - ეს არის ადამიანებს შორის ღიაობის უზრუნველყოფა. ნდობის ემოციის გარეშე წარმოუდგენელია მეგობრობა, თანამშრომლობა, ინტერპერსონალური კავშირები, საზოგადოებრივი ცხოვრება. როდესაც საუბარი გვაქვს ნდობაზე ბიზნესში, სწორედ ნდობის ემოცია უდევს საფუძვლად პარტნიორების კეთილგანწყობას, რწმენას ერთმანეთის შესაძლებლობებსა და კეთილსინდისიერებაში.


ნდობა, როგორც ემოცია


ყველა ვიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მარტივად იმსახურებენ ნდობას. ჩვენ გვეჩვენება რომ, რამდენიმე წუთი საკმარისია იმისათვის, რომ დადებითად განაწყონ მეორე მხარე, ზოგჯერ საკმაოდ კონფრონტაციულ პირობებშიც კი. სინამდვილეში ტვინი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კიდევ უფრო სწრაფად, მხოლოდ 33 წამში წყვეტს განეწყოს თუ არა ნდობით ობიექტის მიმართ. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ამ განწყობის შექმნაში ადამიანებს ეხმარება გარკვეული თვისებები, ზოგი თანდაყოლილი და ზოგი შეძენილი.

როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, ნდობის ემოციის გამოწვევაში მონაწილეობას დიდი წილით იღებს ისეთი პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა ემოციური ექსპრესიულობა, პოზიტიურობა და ენერგიულობა. სწორედ ამ თვისებების მქონე ადამიანებს აქვთ ყველაზე დიდი შანსი ნდობით განაწყონ გარშემომყოფები.

ასევე მნიშნელოვანი ფაქტორია გარეგნობა, კერძოდ სახის ნაკვთები. პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ნდობის ემოციის გამოწვევაში განსაკუთრებულად მონაწილეობს წარბების და ტუჩის ფორმა. მართალია სახის ნაკვთებს ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ მეცნიერები გვეუბნებიან, რომ შესაძლებელია უფრო სანდო გამომეტყველების შექმნა მიმიკური ვარჯიშებით.

ასევე ცნობილია, რომ ჩვენში ნდობას იწვევენ ჩვენი მსგავსი ადამიანები, და ეს ეხება ყველაფერს  - ჩაცმულობას, ქცევებს, ინტერესებს და ა.შ. ანუ, რაც უფრო მეტ საერთოს ვპოულობთ სხვაში, მით უფრო მიდრეკილი ვართ მის მიმართ ნდობისკენ. შესაბამისად, რაც უფრო ტიპიურია ადამიანი, და ამავროულად პოზიტიური და ენერგიული, მეტი შანსია გაგვიჩნდეს მის მიმართ ნდობის ემოცია.
  

ნდობა და ორი სახის გადაწყვეტილება

ნდობის ემოცია არის აფექტური მდგომარეობა და ჩვენი წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ამ მდგომარეობის შემდეგ. ასეთ დროს არსებობს ორი ტიპის ქცევა: ბრმა ნდობა - რომელიც წარმოადგენს ინფანტილურ, ინსტიქტურ გადაწყვეტილებას ობიეტის სასარგებლოდ (“რაღაცნაირად ვენდობი ამ ადამიანს”) და გონივრული ნდობა - რაც არის ანალიტიკური პროცესის შედეგი.


სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრმა ნდობა არის აფექტური ხასიათის, მხოლოდ ემოციაზე, ინტუიციაზე დაყრდნობით მიღებულ გაუაზრებელი გადაწყვეტილება. ესეთი გადაწყვეტილება საკმაოდ რისკიანია, რადგან არა მხოლოდ კარგი, არამედ ცუდი შედეგებიც შეიძლება მოყვეს. ზოგიერთი მეცნიერის თანახმად, ასეთი ქცევა ხშირად გამოწვეულია ინტენსიური ემოციებით და აზროვნებისგან თავის არიდების სურვილით, ე.წ. კოგნიტური სიზარმაცით.

გონივრული ნდობა
კი არის ემოციურად ინტელექტუალური ადამიანისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტილება, რომელშიც ემოციასთან ერთად მონაწილეობს რაციონალური აზროვნება. ემოციურად ინტელექტუალური ადამიანი აცნობიერებს და აღიარებს საკუთარ ემოციას, მაგრამ თვითონ აკეთებს არჩევანს, მიიღოს თუ არა ამ ემოციაზე დაფუძებული გადაწყვეტილება, ანუ ენდოს თუ არა ობიექტს. არსებობს ფაქტორები, რომლის გათვალისწინებაც ხელს უწყობს გონივრულ ნდობას - ჩვენს არჩევანს რომ ვენდოთ ადამიანს.


ნდობა, როგორც ინტელექტუალური არჩევანი

გონივრული ნდობის მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ადამიანის პროგნოზირებადობა - ანუ საკმარისად ნათელი წარმოდგენა, თუ რას შეიძლება მისგან ველოდეთ. შესაბამისად, ნდობის გადაწყვეტილების მიღებისას, ნაკლები ალბათობა არსებობს რომ ვინმე ენდოს მოულოდნელობებით აღსავსე, გაუწონასწორებელ ადამიანებს.

ნაცნობებთან ურთიერთობისას, ვითვალისწინებთ პირად გამოცდილებას. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ადამიანი რომელმაც რამდენჯერმე მოგვატყუა დიდი ალბათობით ისევ მოგვატყუებს. ამიტომ ამ კონკრეტულ ინდივიდთან ნდობის არჩევანის გაკეთებისას მეტ სიფრთხილეს ვიჩენთ. თუმცა მეორე უკიდურესობაც არსებობს - ჩვენი ტვინი მიდრეკილია განზოგადებისკენ, ანუ წარსული შემთხვევების საფუძველზე იქმნება სტერეოტიპები - “ყველა გამყიდველი იტყუება”, “ყველა კაცი მოძალადეა” და ა.შ. უნდა ვეცადოთ არ მოვახდინოთ გამოცდილების  გენერალიზაცია, რადგან ამას ტოტალური უნდობლობისკენ მივყავართ და აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და ზოგადად ცხოვრებას.

რთული არჩევანის წინაშე ვართ უცნობებთან, ვისთანაც ჯერ არ გვქონია ურთიერთობის გამოცდილება. შეიძლება ადამიანი ემოციურად ნდობას იწვევდეს, მაგრამ გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მისი მიზნების, მოტივების, პიროვნული თვისებების შესახებ ინფორმაციის მოძიება. უნდა აღინიშნოს, რომ რეპუტაციული თვალსაზრისით, გააზრებული ნდობის მოსაპოვებლად, პიროვნულ მახასიათებლებს შორის ყველაზე ღირებული აღმოჩნდა ალტრუიზმი - ადამიანის უნარი, საჭირო დროს, დათმოს საკუთარი ინტერესები საერთო საქმის, ან სხვის სასარგებლოდ.

მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ვერაფერი დაგვაზღვევს შეცდომისგან, რადგან ბოლომდე დარწმუნებული ვერასდროს ვერ ვიქნებით ვერც ნაცნობების, ვერც უცნობების სანდოობაში. ალბათ ყველას გვსმენია ოჯახის წევრების მიერ ქონების დაგირავების, გაფლანგვის და დაკარგვის შემთხვევების შესახებ, რასაც საფუძვლად ედო სწორედ ახლობლის მიმართ უპირობო ნდობა.

ამიტომ, სანამ გადავწყვიტავთ ვენდოთ თუ არა ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე საუკეთესო რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის - რისკების სათანადო შეფასება. ჩვენ უნდა შევაფასოთ შესაძლო დანაკარგის ზომა სარგებელთან შედარებით, ანუ რამდენს ვკარგავთ შეცდომის შემთხვევაში, თუ ჩვენი ნდობა არ გამართლდა. გონივრული ნდობის საფუძველი უნდა იყოს იმის ცოდნა, რომ ეს დანაკარგი არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, რომ ეს გარისკვა მნიშვნელოვნად არ დაგვაზიანებს მორალურად ან ფინანსურად, და რომ შეცდომა არ დაემუქრება ურთიერთობებს ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან.