გზა პიროვნული განვითარებისკენ - როგორ ვმართოთ ჩვენი პიროვნული განვითარების პროცესი?

23 .07 .2018

გზა პიროვნული განვითარებისკენ - როგორ ვმართოთ ჩვენი პიროვნული განვითარების პროცესი?

   დღევანდელი ზრდა ნიშნავს ხვალინდელ წარმატებას - იმისთვის, რომ ხვალ უკეთესი შენ იყო, დღეს პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა  პიროვნული განვითარების გზაზე. იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ რატომ არის პიროვნული განვითარება მნიშვნელოვანი, იხილეთ გროუინის სტატია პიროვნული განვითარების მნიშვნელობაზე: (http://growin.ge/ge/press-center/siaxleebi/pirovnuli-ganvitareba-ratom-unda-vaqciot-es-procesi-cxovrebis-wesad ). დღევანდელ სტატიაში კი თქვენ შეიტყობთ პიროვნული განვითარების ოთხი მნიშვნელოვან კომპონენტს: ეს არის ოთხი ნაბიჯი უკეთესობისკენ. 
  როგორ ვმართოთ ჩვენი პიროვნული განვითარების პროცესი? - თვითგანვითარების პროცესი, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, ვინაიდან ყოველი ჩვენგანი უნიკალურია. თუმცა, არსებობს გზები და ტექნიკები, რომლებიც აუცილებლად გამოადგებათ მათ, ვინც ამ პროცესს დროს და ენერგიას დაუთმობს. შესაბამისად, არსებობს რიგი ნაბიჯებისა, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი პიროვნული განვითარების მართვაში.
  1. თქვენი პირადი ხედვის განსაზღვრა
   პიროვნული განვითარების პირველი ნაწილი სწორედ თქვენი ხედვის განსაზღვრა და სამომავლო სურათის აგებაა. ჰკითხეთ თქვენ თავს, რა და სად გინდათ რომ იყოთ განსაზღვრულ დროში? ეს შეიძლება იყოს რამდენიმე თვე, ან თუნდაც წლები. ასევე მნიშვნელოვანია გაანალიზოთ, თუ რატომ გსურთ ამ მიზნის მიღწევა ამ კონკრეტულ დროში. წარმატების ხედვა ყოველი ჩვენგანისთვის განსხვავებულია, ისევე როგორც განვითარების პროცესი. სწორედ ამიტომ, არ დაგეხმარებათ თქვენი მიღწევების შედარება სხვის მიღწევებთან. ჩვენ ხომ ვერ ჩავთვლით, რომ ეს პიროვნება წარმატებული, ან წარუმატებელია იმის მიხედვით, თუ რა მიგვაჩნია ჩვენი თავისთვის მიღწევად. განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის წარმატების ეტალონი; თქვენ პირად წარმატებად რას თვლით? სწორედ ამ გზის იდენტიფიცირებისა და გაანალიზების შემდეგ შეგიძლიათ უკვე გადადგად ნაბიჯი თქვენი საკუთარი წარმატების გზაზე.
   2. პიროვნული განვითარების დაგეგმვა
   როდესაც გეცოდინებათ, თუ სად გინდათ რომ იყოთ განსაზღვრულ დროში, შეგიძლიან  დაიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ მაქამდე. ამ პროცესის დროს, დარწმუნდებით, თუ რამდენად რეალურია თქვენი მიზნები; უფრო გაერკვევით, კონკრეტულად რა გზების გავლა მოგიწევთ, რა რესურსების დახარჯვაა საჭირო და ეს გაგიადვილებთ წინსვლის პროცესს. აუცილებელია რომ იცოდეთ რა უნდა გააუმჯობესოთ  კონკრეტული ამბიციის მისაღწევად, და მხოლოდ ამის შემდეგ იმუშაოთ მასზე. ისევე, როგორც მხოლოდ თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი თავის ხედვა, მხოლოდ თქვენ იცით ამ ხედვის განხორციელების გზებიც.
   3. განვითარების პროცესის დაწყება
   არსებობს უამრავი სხვადასხვა გზა, ტექნიკა რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მარტივად ისწავლოთ და განვითარდეთ. დღეს გვაქვს წვდომა ზღვა ინფორმაციასთან, უამრავ მიდგომასა და თეორიასთან, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთესად გაიგოთ, თუ რა გჭირდებათ პირადად თქვენ. აღმოაჩინეთ თქვენი სუსტი მხარეები და ნუ დაგავიწყდებათ, რომ განვითარება მოიცავს ამ მხარეების განსაზღვრას და გაუმჯობესებას. თუ გგონიათ, მაგალითად, რომ თქვენი კარიერისთვის მნიშვნელოვანია ჯგუფში მუშაობის უნარი და თქვენ ამ მხრივ ხარვეზს ხედავთ საკუთარ თავში, მოიძიეთ და სცადეთ სხვადასხვა მიდგომა და დაუთმეთ თავს უფრო მეტი დრო ამ უნარზე მუშაობისთვის. შეარჩიეთ სწავლის სტილი, როგორ უფრო ადვილად ითვისებთ? იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გიწევთ იმ ელემენტების სწავლა, რომლებიც, თვლით, რომ არ შეგეფერებათ, ან არ არის სათქვენო, ნუ დაკარგავთ მოტივაციას. განსხვავებული გამოცდილება გააფართოვებს თქვენი შესწავლის შესაძლებლობებს სხვადასხვა გზით, რაც ყოველთვის სასარგებლო იქნება.
   4.ჩაიწერეთ თქვენი წინსვლის პროცესი
   პიროვნული განვითარების გზაზე ჩაიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, გამოცდილებები, ყოველი თქვენი ნაბიჯი - საკვანძო მოვლენები. ეს მოგვიანებით დაგეხმარებათ უკეთ გაანალიზოთ თქვენი წარმატება და მიღწევები. ამის შედეგად, უფრო მოტივირებულნი იქნებით მომდევნო დაბრკოლების გადაჭრისთვის, მიზნის დასახვისა და კვლავ განვითარებისა და მუდმივი წინსვლისთვის.  ამასთანავე, მომავალში აუცილებლად გადახედეთ და გაიხსენეთ თითოეული ელემენტი და ნაწილი ამ გამოცდილებისა, რაც უზრუნველყოფს სწავლის მუდმივ პროცესს. გახსოვდეთ, რომ პიროვნული განვითარება მუდმივი პროცესია - ყოველთვის არსებობს მიზეზი გაუმჯობესებისათვის.
ავტორი: სალომე ჭეიშვილი