01 .05 .2018

ემოციური განათლება

 
 
ფსიქოლოგმა ჯეიმს რასელმა თქვა: ”ყველამ იცის რა არის ემოცია იქამდე, სანამ განსაზღვრებას კითხავ”. მართლაც, თითქოს ვიცით რა იგულისხმება ამ ტერმინში, მაგრამ მისი განმარტება საკმაოდ რთულია. საკითხის დაბალი ცნობადობა არ არის საზოგადოების ბრალი. დიდი ხნის განმავლობაში ემოციების შესახებ მეცნიერული ცოდნაც საკმაოდ შეზღუდული იყო და მის შესწავლას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ემოციების მნიშვნელოვნება ადამიანის ცხოვრებაში, მისი როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასათნადოდ იყო გაგებული და მხოლოდ ბოლო რამდენიმე ათწლეულის წინ გადაფასდა.
 
დღეს ემოციები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია გამოყენებად ფსიქოლოგიაში.სამწუხაროდ, მეცნიერების დაკვირვებით, მსოფლიო განიცდის გლობალურ ემოციურ კრიზისს. გახშირდა ძალადობის ფაქტები, შეიმჩნევა გაუცხოება ურთიერთობებში, იზრდება დეპრესიის მაჩვენებლები. ემოციური ინტელექტის გლობალური კვლევის შედეგები აჩვენებს კლებად დინამიკას - ემოციური ინტელექტის მაჩვენებლები ყოველწლიურად მცირდება. სავარაუდოდ არც საქართველოა გამონაკლისი და ამ ნეგატიური ტენდენციის გამოვლინებებს ჩვენც ვაწყდებით ყოველდღიურობაში.
 
რა არის ემოცია? ემოციის განმარტებისას ფსიქოლოგები საუბრობენ ფიზიოლოგიურ რეაქციებზე, ცნობიერ თუ გაუცნობიერებელ განცდებზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ემოცია საკმაოდ კომპლექსური ფენომენია. ნეირომეცნიერების მიხედვით, ემოცია არის ელექტრო-ქიმიური ნივთიერება, ერთგვარი ნეიროტრანსმიტერი, რომელიც გამოიყოფა ჩვენს ორგანიზმში რაიმე სტიმულის საპასუხოდ და მოიცავს ჩვენთვის ღირებულ ინფორმაციას, რომლის ინტერპრეტაციის საფუძველზე ვწყვიტავთ როგორ ვიმოქმედოთ.
 
ემოციური განათლება არის ემოციების სწორი ამოცნობის და მასში არსებული ინფორმაციის ინტერპრეტაციის უნარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ემოციური განათლება ეხმარება ადამიანს შეამჩნიოს, სახელი დაარქვას და გაიაზროს საკუთარი და სხვისი ემოცია. ემოციების ცოდნა და სახელის დარქმევა გვეხმარება ემოციების მართვაში. ხოლო ემოციური ინფორმაციის ინტერპრეტაცია მიგვანიშნებს თუ რა არის ჩვენთვის ღირებული, სასურველი ან მიუღებელი და გვეხმარება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არასწორი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები სწორედ იმის შედეგია, რომ ადამიანები ცდილობენ არჩევანი მხოლოდ რაციონალური გონებით მიიღონ და უგულვებელყონ ემოციები.
 
მსოფლიოში უამრავი უნივერსიტეტი, ორგანიზაცია, ფსიქოლოგთა ასოციაცია მუშაობს იმაზე, რომ საზოგადოების სხვადასხვა სფეროებში გაიზარდოს ადამიანების ემოციური განათლება. ამ მხრივ, განსაკუთრებულად დიდი ყურაღება ექცევა განათლების სფეროს. ახალი ტენდენციის მიხედვით, დასავლურ სკოლებში უკვე დაწყებითი კლასებიდანვე ცდილობენ ემოციური ინტელექტის უნარებს ისეთივე მნიშვნელობა მიენიჭოს, როგორც წამყვან აკადემიურ საგნებს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ესეთი ინიციატივები დააკომპენსირებს იმ მრავალწლიან დეფიციტს, რომელიც ემოციური ინტელექტის უგულვებელყოფის სახით არსებობდა განათლების სისტემაში. რომ წარმოვიდგინოთ, დღეს ემოციებთან დაკავშრებით მეცნიერების წინაშე ისეთივე ამოცანა დგას, როგორც მე-20  საუკუნის მიჯნაზე “წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” ჰქონდა - ადამიანებს უნდა შეეძლოთ დროულად მიხვდნენ რას გრძნობენ და რამდენად ინტენსიურია მათი გრძნობები. ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი  ემოციური ინტელექტის განვითარებისკენ. ხოლო ემოციური ინტელექტი, თავის მხრივ, 80%-ით განსაზღრავს წარმატებებს - ადამიანის სოციალურ გარემოში ადაპტაციას, ეფექტური ურთიერთობებს და მიზნების მიღწევას. 
ვტორი: სალომე ჭეიშვილი