ქოუჩინგი, როგორც პერსონალის განვითარების ინსტრუმენტი

12 .06 .2017

ქოუჩინგი, როგორც პერსონალის განვითარების ინსტრუმენტი


ქოუჩინგის ამოცანაა დაეხმაროს ადამიანს მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და რეალიზებაში, შესაბამისად, ქოუჩინგი შეიძლება ეხებოდეს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. 

ქოუჩინგი საფუძველს სპორტისგან იღებს. coach ინგლისური სიტყვაა და ტრენერს ნიშნავს, coaching კი-ვარჯიშს. როცა სიტყვის coaching ბიზნეს-კონსულტირების ტერმინად გამოყენება დაიწყეს, ამ სიტყვის მნიშვნელობა გარკვეულწილად შეიცვალა.

ქოუჩი თავის კლიენტს მზა პასუხებს არ სთავაზობს, რადგან კლიენტი თავისით უნდა მივიდეს ამ პასუხებამდე, ქოუჩი კი მხოლოდ ეხმარება მას ამ პროცესში, მისი აქტიურობის სტიმულაციას ახდენს. „გზის ცოდნა სხვაა, მისი გავლა-კი სრულიად სხვა რამ.“ თუ კლიენტის ამოცანა განვითარებაა, მაშინ ქოუჩის მიერ მისთვის მზა პასუხების შეთავაზება მას მხოლოდ დათვურ სამსახურს გაუწევს. ამას გარდა,მზა პასუხი მოსაუბრის მხრიდან იწვევს „კი, მაგრამ“ პოზიციის პროვოცირებას და ის ჩამოგვითვლის უამრავ მიზეზს იმისა, თუ რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება. ხოლო მაშინ, როცა კლიენტი თვითონ მიდის გადაწყვეტილებამდე, ის იაზრებს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და საკუთარ თავზე გრძნობს მისი გახორციელების პასუხისმგებლობას. 


ქოუჩინგის უშუალო შედეგებს შესაძლებელია მივაკუთვნოთ შემდეგი:

- მიზნების ჩამოყალიბება, პრიორიტეტების განსაზღვრა. „რაც მინდოდა, იმას მივაღწიე. ახლა რა ვქნა?“ ასეთი კითხვები ხშირად უჩნდებათ წარმატებულ ადამიანებს. თუ პასუხი ნაპოვნი არ არის, იკარგება ინტერესი ოჯახში და სამსახურში. ამაზე არანაკლებ ხშირია ისეთი სიტუაციები, როცა ადამიანს პირიქით, განვითარების ზედმეტად ბევრი გზა წარმოუდგენია, ყველა თითქმის ერთნაირად მიმზიდველი და საინტერესო და შესაბამისად, ვარიანტთა სიმრავლე და მიმზიდველობა უწელავს და ურთულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამ შემთხვევებში ქოუჩინგის პროცესის შემდეგ, ადამიანი ახდენს მიზნების გადახედვას, გამოარჩევს მათგან ყველაზე პრიორიტეტულებს და აანალიზებს, თუ რა არის მისთვის რეალურად მნიშვნელოვანი იმ მომენტში.

- "წარმატების სტრატეგიის" შემუშავება. გაცილებით უფრო ხშირი ამოცანა ქოუჩინგისთვის არის კლიენტის დახმარება მის მიერ უკვე დასახული მიზნის მიღწევაში, - გზების ძიება, მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება და ქმედებების გახორციელება.  ამ პროცესში ქოუჩის მიზანია კლიენტს პრობლემის შეფასების სხვადასხვა გზა დაანახოს, გაააქტიუროს მისი შესაძლებლობები და მიაღებინოს გადაწყვეტილება. ქოუჩინგის გავლის შემდეგ ადამიანს ძალიან ეცვლება ხოლმე მსოფლმხედველობა და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ის მიზნები და პრობლემები, რომელთა მისაღწევად თუ გადასაჭრელადაც მივიდა ქოუჩთან, საერთოდ აღარც აღმოჩნდეს მისთვის აქტუალური ამ პროცესის შემდეგ.

- პრობლემების გადაჭრის უნარი, დამოუკიდებლობა. ქოუჩინგის მიდგომისას ადამიანი ივითარებს საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენების უნარს. ქოუჩის მუშაობაზე დაკვირვებით, კლიენტი ითვისებს პრობლემების გადაწყვეტის სხვადასხვა ტექნიკას და შემდგომ უკვე თავად, ქოუჩის დაუხმარებლად, შეუძლია სირთულეებთან გამკლავება, პირველი და მეორეხარისხოვნის განსხვავება, საკუთარი რესურსების შეფასება, მისთვის იმ დროისთვის აქტუალური მიზნების დასახვა და ამ მიზნების განხორციელების გეგმის შემუშავება.

- პასუხისმგებლობა. ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი თავის ქმედებებს ყოველთვის გარემოს,დროს, სხვა ადამიანებს, ეკონომიკას,პოლიტიკას და ა.შ. აბრალებს.მსგავსი დამოკიდებულება არის  ტიპიური მისთვის, ვინც საკუთარ ქმედებებზე იხსნის პასუხისმგებლობას და მას სხვებს აბარებს. ვინმეს ან რამის დადანაშაულება ყოველთვის მარტივია,მაგრამ არა ჯანსაღი, ქოუჩინგის პროცესის შემდეგ კი ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე და ზოგადად, ცხოვრებაზე.

- აქტიური პოზიცია. ზემოთნახსენები პუნქტების გამომუშავებისა და გაუმჯობესების შემდეგ ადამიანს უჩნდება შემდეგნაირი დამოკიდებულება: „მე ვარ ჩემს თავზე პასუხისმგებელი და შემიძლია ჩემი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. თუ წარსულისა და აწმყოს მომენტები ჩემი საქმიანობის პროდუქტებია, მაშინ მომავლის შექმნაც შემიძლია. მე შემიძლია საკუთარ ცხოვრებაში ყველაფრის შეცვლა, თუ მომინდება.“


ქოუჩინგის მთავარი ფილოსოფია 


პროფესიონალ ქოუჩთან მუშაობის შემდეგ ადამიანები ხდებიან უფრო პროდუქტიულები, სრულყოფილები, საკუთარ თავში დარწმუნებულნი, გაცილებით მარტივად და სწრაფად აღწევენ იმას, რაც რეალურად სურთ.


რისთვის მიმართავენ ქოუჩს?

ადამიანები ქოუჩს მიმართავენ, როდესაც სურთ:

1. ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარება და გაუმჯობესება
2. დიდი მიღწევები
3. ზემოთ ნახსენები პროცესების უფრო მარტივად დ სწრაფად წარმართვა.


ქოუჩი ეხმარება კლიენტს სამივე ამოცანის შესრულებაში, ამასთანავე მოკლე დროში!


რა შედეგებს შეიძლება ველოდეთ ქოუჩინგის გავლის შემდეგ:

- თქვენი ქმედებები გაცილებით გაცნობიერებული და დალაგებულია.
- აღარ დებთ ქმედებებს „ხვალისთვის“, „ზეგისთვის“ და „ორშაბათისთვის“, ახორციელებთ მათ მალევე და ეფექტურად.
- აღარ ითმენთ იმას, რაც ქვემოთ გექაჩებათ.
- გიჩნდებათ ქმედებების იმპულსი და, შესაბამისად, მარტივად აღწევთ შედეგებს.
- უფრო მარტივად შეგიძლიათ პრიორიტეტული მიზნების გამოყოფა და არააქტუალური მიზნების გაფილტრვა.


ქოუჩი მუშაობს პირად თუ ბიზნეს მიზნებზე?

პრაქტიკაში ქოუჩი მუშაობს როგორც პირად, ასევე ბიზნეს მიზნებზე. რეალურად, ადამიანის პირადსა და საქმიან ცხოვრებას შორის ხაზი 90-იანი წლებიდან ნელ-ნელა უფერულდება და ქრება, ქოუჩები არიან პროფესიონალები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტზე მუშაობა.


რატომ ხდება ქოუჩინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული? 

ადამიანებმა დაიწყეს გაცნობიერება, რამდენად მარტივია იმის გაკეთება, რაც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. ქოუჩი არ არის სასწაულების შემოქმედი, მაგრამ მას აქვს ინსტრუმენტთა და მეთოდთა ისეთი კრებული, რომელიც აძლევს იმის საშუალებას, რომ დაეხმაროს ადამიანებს დიდი იდეების რეალობად ქცევაში. ამიტომ სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უფრო და უფრო მეტ დროსა და რესურსს ხარჯავს განვითარების ამ ხერხში ინვესტიციისას.

ადამიანები აანალიზებენ სულიერებისა და ფიქრის მნიშვნელობას მათი ცხოვრების აუცილებელი ასპექტებისათვის. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რომელ სფეროში მოღვაწეობს-ჰუმანიტარია, ტექნიკოსი, თუ ა.შ.,  ყველას სჭირდება კავშირი საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებთან. ქოუჩი კი სწორედ ამ კავშირის აღდგენასა თუ შექმნაში ეხმარება მათ და განაწყობს მხოლოდ საუკეთესოს დანახვაზე საკუთარ თავსა თუ სხვებში.