16 .04 .2018

ემოციები ბიზნესში The Economist

თუ დავაკვირდებით, საქმიან გარემოში, ბიზნეს კომპანიებში, ემოციები ხშირად სრულიად იგნორირებულია. ბუნებრივია, ბიზნესი არის ადგილი, სადაც ფასობს ციფრები, ანალიტიკა, ლოგიკური და რაციონალური აზროვნება. მაგრამ რა ვუყოთ ფაქტს, რომ ემოციებმა არ იცის არც თანამდებობა, არც სამუშაო სტატუსი, არც სქესი და ასაკი. ემოციები გვაქვს ყველას, მათ შორის ბიზნესის მმართველებს და მფლობელებს. ბიზნესში ვართ ჩვენ, ადამიანები, და ამიტომ ემოცია არის ბიზნესის განუყოფელი ნაწილი. გვინდა თუ არა, ემოცია გავლენას ახდენს ყველაფერზე - პარტნიორულ ურთიერთობებზე, თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე. ჩნდება კითხვა - მაშინ რატომ ვაიგნორებთ ემოციებს?!

 

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენში გამჯდარია პარადიგმა, რომ სერიოზულ, სოლიდურ, საქმიან ადამიანს, ემოციები არ შეეფერება. ყოველდღიურად ჩვენ ათობით სხვადასხვა ემოციას განვიცდით და უმეტესწილად სწორედ სამუშაო გარემოში, მაგრამ არ ვაღიარებთ, არ ვსაუბრობთ და არც კი ვფიქრობთ ამაზე. ალბათ ყველას გვსმენია ფრაზა “გვერდზე გადადე ემოციები და ისე იაზროვნე”.  არადა ნეირომეცნიერულმა კვლევებმა დიდი ხანია დაადასტურეს, რომ ემოციებს შეუცვლელი როლი აქვთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ემოცია არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ჩვენს ორგანიზმში და მისი ძირითადი ფუნქცია არის გაფრთხილება, ინფორმირება და საჭირო ქმედებებისკენ მოწოდება. მისი უგულვებელყოფით ჩვენ ვკარგავთ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ჩვენი არჩევანისთვის.

 

არ არსებობს კარგი და ცუდი ემოციები. ნებისმიერი ემოცია არის ბიძგი ქმედებისკენ, ცხოვრების “დრაივი”. თითოეული ემოცია, მათ შორის ბრაზი, იმედგაცრუება, წყენა, გვაძლევს ენერგიას იმისთვის რომ ვიმუშაოთ შევქმნათ, ვიურთიერთოთ. ემოციების გარეშე ადამიანებს არ გვექნებოდა არაფრის გაკეთების სურვილი, და ვერაფერს მივაღწევდით. დესტრუქციული შეიძლება გახდეს მხოლოდ მაღალი ინტენსიობის უმართავი ემოცია. და იმის მიზეზი სწორედ ემოციური განათლების ნაკლებობა და მათი იგნორირებაა. როგორც ქოუჩი და ემოციური ინტელექტის ტრენერი, ხშირად ვხედავ როგორ უჭირთ ინტელექტუალ ადამიანებსაც კი თავიანთი ემოციების ანალიზი და მათზე საუბარი. არადა ემოციების მართვის აუცილებელი წინაპირობა არის ემოციების გააზრება, მათი სწორი გამოხატვა, ემოციური სიმტკიცის გავარჯიშება, ემოციებზე ზემოქმედება სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით. ეს ყოველივე არის უნარები, რომელსაც ეწოდება ემოციური ინტელექტი (EQ). როგორც პროფესორი ჯოშუა ფრიდმანი ურჩევს ბიზნესმენებს, ემოციები არ უნდა უგულვებელყოთ და არ უნდა დავთრგუნოთ. ამის ნაცვლად ჩვენ უნდა ვისწავლოთ ემოციების მართვა, ტრანსფორმაცია პოზიტიურ ენერგიად და გამოყენება ჩვენი კეთილდღეობისთვის.

 

ემოციების მართვისთვის აუცილებელი თვით-მონიტორინგი და მათი გაზიარება შეიძლება კორპორატიული კულტურის ნაწილიც კი გახდეს, რაც შექმნის დადებით ემოციურ ფონს კომპანიაში. აღსანიშავია კიდევ ერთი ფაქტი ემოციების შესახებ - ემოციები გადამდებია. სარკისებური ნეირონების საშუალებით ერთი ადამიანის ემოციები კომუნიკაციის დროს მოქმედებს მეორე ადამიანზე. შესაბამისად, კომპანიის ემოციური ფონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლიდერის ემოციურ მდგომარეობას - ლიდერის ემოციები აისახება უშუალო დაქვემდებარებულების ემოციებზე, ისინი კი თავის მხრივ “გადადებენ” იგივე ემოციას თავიანთ კოლეგებს. და როგორც ექსპერიმენტბმა აჩვენეს, შესაძლებელია ლიდერის ემოციური მდგომარეობა საბოლოო მომხმარებლის განწყობაზეც კი აისახოს. ამიტომაც, მსოფლიო მასშტაბით, ინდუსტრიულ-ორგანიზაციულ ფსიქოლოგების მიერ ემოციური ინეტლექტი, და განსაკუთრებით მისი როლი ლიდერობაში, აღიარებულია ერთერთ ყველაზე საყურადღებო საკითხად. EQ არის რაციონალური აზროვნების და ემოციების შეთანხმებული, დაბალანსებული ურთიერთკავშირი, რომელსაც მივყავართ სწორ ქმედებამდე. როგორც პიტერ დრაკერმა თქვა “როდესაც თქვენ ქირაობთ ხელებს, მას მოყვება თავი და გული”. შესაბამისად, როგორი კარგი “ხელებიც” არ უნდა ვიყოთ ჩვენ, წარმატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ჰარმონიულია ჩვენი “თავის და გულის”, ფიქრების და ემოციების ურთიერთობა.

 

გროუინი არის პირველი ქოუჩინგის კომპანია საქართველოში, და წარმოადგენს ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალურ და ექსკლუზიურ წარმომადგენელს ქვეყანაში. გროუინი კომპანიებს და ინდივიდებს სთავაზობს ქოუჩინგს, ბიზნეს უნარების და პიროვნული განვითარების ტრენინგებს, საერთაშორისო საერტიფიცირებულ განათლებას ქოუჩინგში. გროუინის მისიაა დაეხმაროს კომპანიებს და ინდივიდებს სრულყოფილად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, გახდენენ უფრო ეფექტურები და მიაღწიონ განსაკუთრებულ შედეგებს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.

თამუნა ჩიჩუა, გროუინის დირექტორი და პარტნიორი, ქოუჩი, ემოციური ინტელექტის სერთიფიცირებული ტრენერი

ლიდერის შინაგანი ძალა. ქოუჩინგი, როგორც პერსონალის მართვის მეთოდი
წარმოგიდგენთ მონაკვეთს ჯონ უიტმორის წიგნიდან „ლიდერის შინაგანი ძალა. ქოუჩინგი, როგორც პერსონალის მართვის მეთოდი“:
იხილეთ ვრცლად
ქოუჩინგი, როგორც პერსონალის განვითარების ინსტრუმენტი
ქოუჩინგის ამოცანაა დაეხმაროს ადამიანს მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და რეალიზებაში, შესაბამისად, ქოუჩინგი შეიძლება ეხებოდეს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს
იხილეთ ვრცლად