07 .02 .2020

ბედნიერება თუ სიამოვნება

როგორც სხვა ბევრი რამ, ეს ორი ტერმინიც - „სიამოვნება“ და „ბედნიერება“ - ხშირად გვერევა ერთმანეთში. არადა ორი სხვადასხვა რამეა, და, მსგავსებისდა მიუხედავად, გარკვეულწილად, ურთიერთგამომრიცხავიც. რაში გვჭირდება მათი გამიჯვნა და ამ საკითხში უკეთესად გარკვევა? იმისთვის, რომ საჭირო მომენტებში უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ, უკეთესად ვიცხოვროთ და ერთმანეთთან უკეთესი ურთიერთობები გვქონდეს; ან, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ვიცოდეთ, რა გადაწყვეტილება რა შედეგამდე მიგვიყვანს.

 

მოდით, გავარკვიოთ, რა არის სიამოვნება. ეს არის ჩვენი ორგანიზმის რეაგირება რაიმე გარეფაქტორზე. მაგალითად სიამოვნებას გვანიჭებს სილამაზის დანახვა, რაიმე გემრიელის გასინჯვა, მუსიკის მოსმენა, სხეულზე შეხება, სურნელის შეგრძნება. მთავარი ისაა, რომ სიამოვნება არის მოკლევადიანი, რაც ბუნებრივია - რადგან მას გარეფაქტორი იწვევს, ამ ფაქტორის დასრულების შემთხვევაში სიამოვნებაც ქრება. სიამოვნების მისაღებად მუდმივად გვჭირდება რაიმე სტიმული - მუსიკა, სექსი, საჭმელი, ნარკოტიკი. ამიტომ სიამოვნების ძიება უსასრულო პროცესია და, ხშირ შემთხვევაში, არც ისე ლეგალური და არც ისე უსაფრთხო aფიზიკური და რეპუტაციული თვალსაზრისით.

 

ბევრი თქმულა და დაწერილა დღევანდელ ჰედონისტურ საზოგადოებაზე, სადაც ადამიანები ისტერიულად ეძებენ სიამოვნებას, მაგრამ მაინც არ არიან ბედნიერები: იმიტომ, რომ ე.წ. “ჰედონისტურ სუბსტანციებს” - ნარკოტიკებს, საკვებს მხოლოდ სიამოვნება მოაქვს, მაგრამ არა ბედნიერება. სინამდვილეში, ბედნიერება - ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც, სიამოვნებისგან განსხვავებით, არ არის დამოკიდებული გარეფაქტორებზე. ეს არის მდგომარეობა, რომელიც მიიღწევა ჩვენი შინაგანი უნარებით, იმ ქცევებითა და ფიქრებით, რომლებიც კავშირშია ფასეულობებთან. მაგალითად, ბედნიერებას გვანიჭებს სიკეთის გაკეთება, რაიმეს შექმნა, ურთიერთობა, გაცემა, დათმობა. ბედნიერება - ეს არის შინაგანი სიმშვიდე: თავისუფლება მუდმივი შეჯიბრისგან, მტკიცებისგან, განსჯისგან, დადანაშაულებისგან, შიშისგან, ვნებებისგან. დალაი ლამას სიტყვებით „უმაღლესი ბედნიერება არის თავისუფლების მიღწევა, სადაც აღარ არის შფოთვა. ეს არის ნამდვილი, განგრძობადი ბედნიერება. ის უფრო უკავშირდება გონებას და გულს [ვიდრე სხეულს]“.

 

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივყავართ ბედნიერებამდე, ხშირ შემთხვევაში მოითხოვს სიამოვნების დათმობას. მაგალითად, თუ ნარკოტიკს მოაქვს სიამოვნება, ნარკოტიკზე უარის თქმით შეგვიძლია მივიღოთ ბედნიერება. თუ შეუზღუდავ სქესობრივ კავშირებს მოაქვს სიამოვნება, რაიმე იდეის გამო თავშეკავებას ან კონკრეტული ადამიანისადმი ერთგულებას მოაქვს ბედნიერება. თუ შოპინგს და ნივთების შეგროვებას მოაქვს სიამოვნება, გაცემა და გაჭირვებულებისთვის განაწილება გვანიჭებს ბედნიერებას.

 

როგორ ხსნის მეცნიერება ამ ორი მდგომარეობის კონფლიქტურობას? უახლესი ნეიროკვლევების თანახმად, სიამოვნებას იწვევს ტვინში ნეიროტრანსმიტერი დოფამინის გამოყოფა, რომელიც გამოიყოფა გარესტიმულებზე რეაგირებისას. ბედნიერებას კი იწვევს ნეიროტრანსმიტერი სეროტონინი. ამ ორი ტრანსმიტერის ურთერთდამოკიდებულება არის სწორედ პასუხი სიამოვნების და ბედნიერების პარადოქსულ ურთიერთობაზე: დოფამინის სიჭარბე ხელს უშლის სეროტონინის გამოყოფას და ამცირებს მის რაოდენობას ორგანიზმში. ანუ, რაც უფრო მეტი დოფამინი იქნება ორგანიზმში, მით ნაკლები სეროტონინი გამოიყოფა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „რაც უფრო ორიენტირებულები ვართ სიამოვნების მიღებაზე, მით უფრო ნაკლები შანსია განვიცადოთ ბედნიერება“ - ამბობს ამერიკელი დოქტორი, ენდოკრინოლოგი რობერტ ლასტიგი.

 

იმავეს თუ რელიგიური ტერმინებით ავღწერთ, საუბარია სხეულისა და სულის ურთიერთობაზე. სიამოვნება სხეულთან ასოცირდება, ბედნიერება კი სულთან. ის, რაც სიამოვნებს სხეულს, ხშირად საზიანოა სულისთვის. „ამ ქვეყნის სიყვარული, მტრობაა ღვთისა” ნათქვამია წმიდა წერილში (იაკობი 4:4).

 

და კიდევ, დოფამინის მეორე მზაკვრობა ის არის, რომ იწვევს შეჩვევას. ყოველი სიამოვნების განცდის დროს, რასაც დოფამინის გამოყოფა განაპირობებს, ხდება ნეირონების აღგზნება. ბევრი და ხშირი აღგზნების შედეგად ნეირონები იწვებიან და კვდებიან. ამიტომ ყოველ შემდეგ ჯერზე ორგანიზმს სიამოვნების მისაღებად დოფამინის კიდევ უფრო დიდი დოზა ესაჭიროება. რადგან ნეირონების ნაწილი უკვე გადამწვარია, დოფამინის იგივე დოზა სიამოვნების განსაცდელად უკვე არასაკმარისია. სწორედ აქ იწყება გარეფაქტორზე - ნივთიერებაზე ან ადამიანზე დამოკიდებულება.

 

სეროტონინი კი არასდროს არ იწვევს შეჩვევას და არასდროს არ არის ზედმეტი; იმიტომ, რომ სეროტონინი არ აღაგზნებს ნეირონებს, არამედ, პირიქით, ამშვიდებს, ანელებს მათ (ე.წ. ინჰიბიტორული ეფექტი აქვს) იმისათვის, რომ „უზრუნველყოს ადამიანის კმაყოფილება და სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნება, რაც არის კიდევაც ბედნიერება“ - ამბობს რობერტ ლასტიგი.
 
როგორ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი? სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, გავიხსენოთ, რომ სიამოვნება აუცილებლად არ ნიშნავს ბედნიერებას. რა თქმა უნდა, დროებით ვისიამოვნებთ, მაგრამ დავფიქრდეთ, რას მივიღებთ შედეგად - სიამოვნების გამო მსხვერპლად ხომ არ ვწირავთ ბედნიერებას, ჩვენი გადაწყვეტილების გამო ხომ არ ვკარგავთ კავშირს ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან და იმ მარადიულ  ფასეულობებთან, რომელიც იწვევს ჩვენში ნამდვილ, განგრძობად ბედნიერების შეგრძნებას.