საჯაროდ გამოსვლის შიში და მისი დაძლევის მნიშვნელობა

23 .04 .2018

საჯაროდ გამოსვლის შიში და მისი დაძლევის მნიშვნელობა

იცოდით თუ არა, რომ  ადამიანის ნომერ პირველ შიშად ხალხის წინაშე გამოსვლა და ლაპარაკი დასახელდა? იმის განურჩევლად, ხშირად გიწევთ თუ არა საჯაროდ გამოსვლა, იქნება ეს პრეზენტაციის ჩატარება, კონფერენცია, ან თუნდაც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა კოლეგების წინაშე, ეს პროცესი ყველასთვის ამაღელვებელია და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი: იდეების სწორად გამოხატვა, სწორი კომუნიკაცია, მათი საჯაროდ განხილვა და თავის კარგად წარმოჩენა წარმატებული ხალხის ყოველდღიური საქმიანობაა. შესაბამისად, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება აუცილებელია კარიერული წინსვლისა და პიროვნული განვითარებისთვის.

სამწუხაროდ, საჯაროდ საუბარი ბევრისთვის გარკვეულწილად სტრესთან და შფოთვასთან ასოცირდება, რაც სავსებით ნორმალურია, მიზეზი ხომ მარტივია: ჩვენ გვსურს მაქსიმალურად კარგი შედეგი მივიღოთ და იმ საზოგადოებისგან, რომლის წინაშეც ვდგავართ, მოწონება დავიმსახუროთ. ხშირად ეს პროცესი ფიზიკურ და ემოციურ რეაქციებს იწვევს ჩვენს ორგანიზმში, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს წარმატებული პრეზენტაციის ჩატარებაში, ან ნებისმიერი სხვა მიზნის მიღწევაში. გაიხსენეთ ისტორიული ფიგურები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს სიტყვებით, წარმატებული ლიდერები, რომლებიც ინსპირაციით გვავსებენ, თქვენი ნაცნობებიც, რომლებიც თავიანთი კომუნიკაციის უნარებით ხალხის მოწონებას იმსახურებენ. მათ აღმოაჩინეს საჯაროდ გამოსვლის მნიშვნელობა და საკუთარი თავები მიუძღვნეს ამ უნარის დაუფლებას. თუ ფიქრობთ, რომ შიში ხელს გიშლით, დაფიქრდით იმაზე, რომ უამრავ შესაძლებლობაზე უარს ამბობთ, რადგან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფობია, საჯაროდ გამოსვლის შიშიც დაძლევადია.

როგორ დავძლიოთ საჯაროდ გამოსვლის შიში? 3 უმთავრესი რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს

როგორც უკვე აღინიშნა, შიშის დაძლევა და კარგ პრეზენტატორად ჩამოყალიბება ნამდვილად შესაძლებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან ძალისხმევას საჭიროებს. თქვენი თავი მოამზადეთ ამ პროცესისთვის და რაც არ უნდა ძნელად მოგეჩვენოთ, გახსოვდეთ, რომ შედეგით აუცილებლად კმაყოფილი იქნებით. ამ სტატიაში კი გთავაზობთ 3 ფუნდამენტალურ მიმართულებას უკეთესი შედეგისთვის, რის გარეშეც კარგი ორატორობა წარმოუდგენელია:

  • პრაქტიკა და მომზადების პროცესი

რაც უფრო დიდ დროს დაუთმობთ მომზადებას, მით უკეთეს შედეგამდე მიხვალთ - ეს ცხადია. ამ შემთხვევაში, დრო უნდა დაუთმოთ თქვენს თავს და ეცადოთ ყურადღება მიაქციოთ დეტალებს. აუცილებლად დეტალურად უნდა გესმოდეთ ის საკითხი, რომელზეც საუბრობთ და ყოველი წინადადება თქვენთვის ნათელი უნდა იყოს. ნუ დაიზეპირებთ - მაშინ მოიპოვებთ ხალხის ყურადღებას, როდესაც თქვენ მათ ესაუბრებით პირისპირ. დრო დაინიშნეთ და ივარჯიშეთ დროში ჩატევაზე: მუდამ მზად გქონდეთ დამატებითი ინფორმაცია იმ შემთხვევისთვის, თუ ზედმეტი დრო დაგრჩებათ. ცოდნა და მომზადება უზარმაზარ თავდაჯერებულობას მოგმატებთ და შესაბამისად უკეთესად წარმოაჩენთ თავს და საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით.

  • აუდიტორიის შეცნობა

გაეცანით აუდიტორიას, იცოდეთ რა ტიპის ხალხს ესაუბრებით და ამის მიხედვით მოამზადეთ თქვენი სიტყვა: ეს შეიძლება იყოს ფორმალური, ან არაფორმალური, იუმორისტული ან აკადემიური, იმის მიხედვით თუ რა მიზანი აქვს თქვენს საუბარს. გახსოვდეთ, ხალხი მარტივად პატიობს: პატარა შეცდომა და ხარვეზი, რომლის გამოც დაიბენით და ინერვიულეთ საუბრისას, ხალხს შესაძლოა არც შეუმჩნევია - მათი სურვილია თქვენგან შეცნობა და არა თქვენი განკითხვა. აუდიტორიას ყველაზე დიდი როლი აქვს თქვენს გამოსვლაში და ეცადეთ ის გახადოთ თქვენი საუბრის ნაწილი: დასვით კითხვები (თუნდაც რიტორიკული - ხალხი მენტალურად ჩარიეთ თქვენს საუბარში), დააკვირდით რეაქციებს, მიმართეთ მათ და გაავლეთ პარალელები მიმდინარე მოვლენებთან. თქვენი მიზანია მათი დაფიქრების გამოწვევა და ინტერესის მოპოვება. რაც მთავარია, იზრუნეთ იმაზე, რომ მუდმივად ხალხს უყუროთ და არ გამოგრჩეთ გვერდში მჯდომნი!

  • სტრესის კონტროლი

შფოთვა ჩვენი ინსტინქტია - მაშინ ვღელავთ, როდესაც საფრთხის საშიშროებას ვგრძნობთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვეშინია მარცხის, დამცირების. ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა ადრენალინი - დიახ, სწორედ ის ჰორმონი, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს და სიცოცხლით გვავსებს. მთავარია ვისწავლოთ ამ ენერგიის მოზღვავების სასარგებლოდ გამოყენება. თუ ღელავთ, საუბრამდე ვარჯიშები აკეთეთ: ბევრი ისაუბრეთ, რომ სხეული ლაპარაკისთვის მოამზადოთ; აკეთეთ სუნთქვის ვარჯიშები, მუდამ იქონიეთ სითხე. თუ შეამჩნევთ, რომ საუბრისას დაიბენით ან ანერვიულდით, გადადგით რამდენიმე ნაბიჯი წინ და უკან. მუდამ წარმოსახეთ საუკეთესო შედეგი და პოზიტიური განწყობით დაიწყეთ და დაასრულეთ საუბარი.

საბოლოო ჯამში, ეცადეთ საკუთარ თავს მოუსმინოთ და აღმოაჩინოთ ხარვეზები. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და, შესაბამისად, თითოეულს განსხვავებული ხერხი და მიმართულება უკეთეს შედეგამდე მიიყვანს, რისთვისაც პროფესიონალები საუკეთესოდ მოგამზადებენ. იმუშავეთ თქვენს თავზე და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას!