ემოციური ინტელექტის (EQ) მნიშვნელობა სასწავლებლებში

24 .07 .2018

ემოციური ინტელექტის (EQ) მნიშვნელობა სასწავლებლებში

 

ავტორი: სალომე ჭეიშვილი
   
პიროვნული განვითარება მუდმივი პროცესია, თუმცა, ცხადია, არამცთუ იწყება ადრეული ასაკიდან, არამედ, ამ მხრივ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ ბავშვის გაზრდის პროცესს და გარემო ფაქტორებს ენიჭება. რასაკვირველია, ოჯახში აღზრდასთან ერთად, განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ამიტომაც ჩვენ, როგორც ერთი საზოგადოება, მუდმივად ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ უკეთესი განათლება მივცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, სასწავლებლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგი მასწავლებლების არსებობას. ალბათ გაგახსენდებათ ის მასწავლებელი, რომელმაც თქვენი, არამარტო სწავლის პროცესში, არამედ პიროვნული ზრდის პროცესშიც ხელი შეგიწყოთ: ასეთი მასწავლებელია სწორედ ის, რომელიც, არამარტო თავისი საგნის მცოდნეა, არამედ ემოციურად ინტელექტუალურია.

 

ძალიან ხშირად ჩვენ გვგონია, რომ ბავშვები ნაკლებად დახვეწილნი არიან და არ შეუძლიათ თავიანთი სამყაროს ემოციური სირთულეების დამუშავება ან გაგება. ჩვენ გვგონია, რომ უკეთესად დავიცავთ მათ, თუ ამ სირთულეებს და არასასიამოვნო თემებს რაც შეიძლება დიდხანს ავარიდებთ. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ბავშვებს ძალიან დიდი ინფომრაციის აღქმა და ანალიზი შეუძლიათ.

 

იმ პერიოდიდანვე, როდესაც ისინი ლაპარაკს იწყებენ, ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ ემოციების იდენტიფიცირება და მათი კომუნიკაცია. ამისთვის კი საჭიროა, რომ მათ თავი იგრძნონ საიმედო გარემოში, რომელშიც საკუთარ ემოციებზე საუბარი გახსნილად შეუძლიათ და ამასთანავე, შეუძლიათ ემპათიის გამომუშავება მათი თანატოლებისა და უფროსების მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ მათი ტვინებები სწრაფი ტემპით ვითარდება, ყველა ბავშვი მუდმივად ამჩნევს, რეაგირებს, ადაპტირდება და ემოციური გამოცდილების საფუძველზე, აზრებსა და სხვადასხვა იდეას ანვითარებს.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას ადრეული ასაკიდან ინფორმაციის მიღებასა და რაიმე საგნის სწავლას სკოლებში, და არ ვასწავლით მათ ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვან კომპონენტებს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად მათ სამომავლო ემოციურ შესაძლებლობებსა და სწორად აზროვნებას განსაზღვრავს ადრეულ ასაკში ემოციების მართვისა და მათ მიხედვით სწორად რეაგიების სწავლა. სწორედ ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში უკვე დაიწყეს ემოციური ინტელექტის, როგორც სასკოლო საგნის სასწავლებლებში შემოღება. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივალთ ჩვენს ქვეყანაში, აუცილებელია მშობლებმა აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთი ბავშვების ემოციურ განვითარებაზე და ადრეული ასაკიდან ასწავლონ მათ საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა და მათი მიხედვით გადაწვეტილებების მიღება. (იხილეთ გროუინის სტატია ემოციურ ინტელექტზე მშობლებისთვისhttp://growin.ge/press-center/siaxleebi/ras-nisnavs-iyo-emociurad-inteleqtualuri-msobeli) ამასთანავე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ასეთივე გარემოს შექმნას სასწავლებლებში იმისთვის, რომ ბავშვებმა თავი საიმედო გარემოში იგრძნონ და ამ მხრივ განვითარების საშუალება ჰქონდეთ. ამისთვის კი აუცილებელია, როგორც მშობლებმა, ასევე მასწავლებლებმაც აიმაღლონ ემოციური ინტელექტი.

 

სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები ვერ ახერხებენ ბავშვის ემოციურ მდგომარეობაში შესვლას და არასწორი მიდგომის გამო, შეიძლება ბავშვმა თავი იგრძნოს დაუცველად, დაჩაგრულად. სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევების გამომუშავება - განსაკუთრებით ზრდასრული ადამიანისთვის - საკმაოდ კომპლექსური პროცესია; ჩვენთვის, ასე თუ ისე, ამ უნარ-ჩვევებზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ ადრეულ ასაკში და ამიტომ ძნელია გაცნობიერება იმისა, რომ გვესაჭიროება მათი განვითარება. ემოციების შემსწავლელი მეცნიერება საკმაოდ ახალია და ამ ეტაპზე აუცილებელია იმის გააზრება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მას მოსწავლეების სწავლის პროცესზე და მათ კეთილდღეობაზე.

 

საბოლოო ჯამში, მასწავლებლები და მშობლებიც უნდა იყვნენ ემოციურად და სოციალურად კომპეტენტურნი იმისათვის, რომ შეძლონ ბავშვებს ასწავლონ ემპათიის, თანაგრძნობის, მადლიერების, ან სხვა სოციალურ-ემოციური უნარჩვევის გამომუშავება. ასეთ გარემოში გაზრდა მნიშვნელოვანია მათი სამომავლო გეგმების განხორციელებისათვის, კარიერული წინსვლისთვის, გარემოსთან სოციალური ადაპტაციისთვის და საერთო ჯამში, ბედნიერი მომავლისთვის.